ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა

ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრულ ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს.

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება – 2023 წლის იანვარში ექსპორტი 132 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 51 პროცენტით გაიზარდა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, შეთანხმების ამოქმედება დადებითად აისახება ვაჭრობის დინამიკაზე და საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გაუხსნის გზას არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრისკენ.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის, ინვესტიციებისა და სხვა სექტორებში.

ვიცეპრემიერი, ლევან დავითაშვილი და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ასევე გახსნიან ორმხრივ ბიზნესფორუმს და ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დასრულების თაობაზე, რომელიც 15 მარტიდან მიმდინარეობს თბილისში.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – პაატა კალანდაძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები