ალეკო ელისაშვილი: ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ – მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს
ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ. მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „ნაცმოძრაობა“ პირველ საკითხად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებს და „მნიშვნელოვანი არაა სად „გაირღვევა” პოლიციის კორდონი, პარლამენტთან თუ კლინიკასთან“.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი აქციაზე რომ მისულიყო, ხალხის მისდამი დამოკიდებულებას დაინახავდა.
„ქართული ოცნება“ აბსოლუტურად გამოფიტული, უიდეო პოლიტიკური ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს, მე მინდა მივმართო ყველას, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მავნებელი და საშიში ძალა. ეს დღეები სტატუსს სტატუსზე წერდნენ და იმუქრებოდნენ. ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ. მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს. მისულიყო მერაბიშვილი აქციაზე და დაინახავდა ხალხის მისადმი დამოკიდებულებას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.