სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილთან ერთად, თბილისის სომხური თეატრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილთან, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელთან, გაზეთ „ვრასტანის” მთავარ რედაქტორთან, ვან ბაიბურთთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრს ესტუმრა. იგი, ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით, თეატრში მიმდინარე მასშტაბურ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, არმენაკ ბაინდურიანისა და თეატრის დირექტორის, ლუიზა ხაჩატუროვასგან, მოისმინეს ინფორმაცია თეატრში მიმდინარე რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.
სომხეთის კულტურის მინისტრმა დადებითად შეაფასა მიმდინარე სამუშაოები და კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართუს” მადლობა გადაუხადა თეატრის გადარჩენისთვის.
„როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, ქეთევან წამებულის №8-ში მდებარე პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის უპრეცედენტო სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2017 წლიდან მიმდინარეობს. შენობის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამაც დაადასტურა, საჭირო გახდა შენობის სრული დემონტაჟი და ახალი შენობის აგება. პროცესში თავად თეატრიც აქტიურად არის ჩართული. ახალი თეატრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და უმაღლესი ხარისხის ტექნიკით აღიჭურვება. გათვალისწინებულია უსაფრთხოების ნორმები. თეატრი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ახალ თეატრს აქვს ორი – დიდი და მცირე დარბაზი, ახალი სცენები და პარტერი. დაგეგმილია დიდი და მცირე სცენების აღჭურვა განათებისა და გახმოვანების ტექნიკით. მოპირკეთდება თეატრის შიდა ეზო და მოეწყობა კაფე.
პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრი მსოფლიოში ერთადერთი სომხური თეატრია, რომელიც სომხეთის გარეთ, უცხოეთში, სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს.
თეატრში სტუმრობის შემდეგ, მხარეებმა ქვეყნებს შორის კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.
სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი საქართველოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, მოწვევით დელეგაციასთან ერთად იმყოფება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები