„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება: საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი – დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ მოსახლეობასთან შეხვედრების დაწყებას აპირებენ.

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული, ისინი აპირებენ ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტონ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი.

“როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები