„რჩეული ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმის ფონდებიდან“ – გამოფენა გაიხსნება

სიღნაღის მუზეუმში  გამოფენა – „რჩეული ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმის ფონდებიდან” გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა – „რჩეული ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმის ფონდებიდან“ შესაძლებლობას იძლევა, უკვე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში ერთად თავმოყრილი  გამოიფინოს სხვადასხვა ეპოქის მხატვართა მიერ შექმნილი რჩეული ნამუშევრები – სიღნაღის მუზეუმის საგანძური.
„გამოფენაზე XX საუკუნის დიდ ქართველ მხატვრებთან – ელენე ახვლედიანთან, უჩა ჯაფარიძესთან, ქეთევან მაღალაშვილსა და სხვებთან ერთად წარმოდგენილია XXI საუკუნის ხელოვანთა მნიშვნელოვანი ნამუშევრები, ასევე სიღნაღელი კახი ობოლაშვილის კოლექციის ნაწილი და 2022 წლის სიღნაღის არტფესტივალის ფარგლებში შექმნილი ტილოები. ქართველ ხელოვანთა საგამოფენოდ შერჩეული გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმს ქართველი თუ უცხოელი დამთვალიერებლის წინაშე.
სიღნაღის მუზეუმი 1947 წელს დაარსდა, 1967 წელს კი მასთან გაიხსნა თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა. რეგიონში ამ მნიშვნელოვანი კულტურული სიახლის აღსანიშნად ცნობილმა თუ დამწყებმა ხელოვანებმა მუზეუმს საჩუქრად გადასცეს თავიანთი სურათები და ქანდაკებები. მათი რიცხვი ათწლეულების განმავლობაში გაიზარდა და დღეს მუზეუმის ფონდებში დაცულია 400-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული თუ სკულპტურული ხელოვნების ნიმუში. სახვითი ხელოვნების ფონდის დაარსების დღიდან მუზეუმი არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტით წარდგა საზოგადოების წინაშე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოფენა 12 მარტს გაიხსნება და 10 მაისის ჩათვლით გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები