„დიზელის საწვავის ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე” – საწვავის ხარისხის შემოწმების შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის განცხადებით, საავტომობილო საწვავის ხარისხის შემოწმებისას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დიზელის საწვავის სინჯებში სამართალდარღვევები გამოვლინდა. მისი თქმით, საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს დიზელის საწვავის 29 სინჯში არ აკმაყოფილებდა.

როგორც კორკოტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე. მისი თქმით, 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით 100 ავტოგასამართი სადგურიდან საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი აიღეს.

„ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მისი დაცვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ რჩება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე ზეგავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს, ერთ-ერთი საავტომობილო საწვავის ხარისხი გახლავთ, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის საწვავის, ასევე მანქანებიდან გამონაბოლქვი და საწარმოები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საავტომობილო საწვავის შემოწმებებს ინტენსიურად ახორციელებს. შემოწმებები თითქმის ყველა წელს გვაქვს. ავტოგასამართი სადგურების შერჩევა წინასწარი ინფორმირების გარეშე შერჩევითი წესით ხდება. 2022 წელს 100 ავტოგასამართი სადგური შევამოწმეთ, ბენზინის 50 ერთეული და დიზელის საწვავის 50 ერთეული ნიმუში ავიღეთ. საბედნიეროდ, ბენზინის საწვავში დარღვევები არ გვიფიქსირდება. დარღვევები დიზელის საწვავში, 29 შემთხვევაში დაფიქსირდა. ძირითადი დარღვევები იყო: გოგირდის შემცველობის გადამეტება, ასევე ის, რომ აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე არ იყო დაცული. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებია შედგენილი და მასალები შესაბამის სასამართლოებშია წასული. ოქმების ნაწილი განხილულია და ადმინისტრაციული სახდელი აქვთ დაკისრებული. ოქმების ნაწილის განხილვა მიმდინარეობს. ამ სამართალდარღვევებიდან დაანგარიშებულმა ჯარიმამ დაახლოებით 3 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა. კომპანიებს ამ ძალიან მაღალი სანქციების გადახდის ვალდებულება დაეკისრებათ. ჩვენ ამ მიმართულებით კვლევებს გავაგრძელებთ.

წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ნორმა შედარებით გამკაცრდა. ამ მიმართულებით კვლევებს ჩავატარებთ“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები