სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოცხადდა

1-ელ მარტს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023-2024 სასწავლო წლისათვის ოთხ სასტიპენდიო პროგრამაზე გამოაცხადა კონკურსი.

ეს პროგრამებია: • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა 2023-2024;
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024;
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა 2023-2024;
• საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024.

სასტიპენდიო პროგრამები არის საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის მოიპოვონ დაფინანსება, სწავლა გააგრძელონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში და მიღებული ცოდნა მოახმარონ საქართველოს. პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით.

განაცხადები ცენტრის ვებგვერდზე – iec.gov.ge – ელექტრონულ ფორმატში, ონლაინ სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით 1-ელი მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით მიიღება. სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება საკონკურსო ვადის დასრულებამდე: ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული. ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა ასევე შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის iec@iec.gov.ge მეშვეობით. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა, უკვე 9 წელია აფინანსებს საზღვარგარეთ სწავლის მსურველ სტუდენტებს. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს საქმიანობას საქართველოში შესაბამის სფეროში. უფრო ვრცელი ინფორმაცია თითოეული პროგრამის შესახებ იხილეთ ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge. მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები