რატი ბრეგაძე: ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით, გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე
ჩვენს უწყებას არაფერი აქვს დასამალი, პირიქით, მოწადინებული ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ნებისმიერი შესაძლო ფორმით. მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან შესახვედრად, ბუნებრივია, კონსტრუქციულ ვითარებაში, სადაც მოსმენილი იქნება არგუმენტები და შესაძლებელი იქნება, რომ ინფორმაცია იყოს გაზიარებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან გაფართოებული შეხვედრის დაგეგმვის თაობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.
„ამ ადამიანის პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს საზოგადოებასთან. გვაქვს შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და ვაწვდით რეგულარულად ინფორმაციას. ამას ვამბობ სპეციალურად ხაზგასმით, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ბრეგაძემ.