„ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“ – გამოფენა გაიხსნება
23 თებერვალს, 18:00 საათიდან, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს გამოფენას: „ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობენ ხელოვანები: ტატიანა ასათიანი, თეა გვეტაძე, სოფო კობიძე, დავით მესხი,მარიამ მუთიძე,ნინო ქვრივიშვილი, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნინო ჩუბინიშვილი, ბუკა ღვაბერიძე, ანნა ჯიბლაძე, გ. ჯ.
გამოფენის კურატორები არიან: მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე.
„გამოფენა წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების და პოეზიის ერთობლივ ექსპოზიციას. ნამუშევრების ერთობლიობა თითქოს ხიდია, რომელიც დამთვალიერებელს გონების ლაბირინთებში მოგზაურობას სთავაზობს. ხან ლექსი აბრუნებს რეალობასთან, ხან ვიზუალური იმპულსი ან ხმა. მნახველი, მისი უახლესი გამოცდილებით შემოდის საგამოფენო სივრცეში და წარსულის კვალს ხვდება თითოეულ არტეფაქტში, რითაც ირთვება შინაგანი მოგზაურობის გარდაუვალი ქსელი, – ერთი მოგონებიდან მეორეში გადაეშვება.
მოგონებები ჩვენი ცხოვრების და ინდივიდუალური გამოცდილებების განუყოფელი ნაწილია. აწმყოდან მიღებული მოულოდნელი იმპულსები კი, როგორც სამხილები, წარსულის სხვადასხვა მოგონების გასაღებები, ახალ-ახალ შრეებს ხსნის ჩვენს გონებაში. გამოფენაში მონაწილე ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებში ეხებიან მეხსიერებას და მის შრეებს სხვადასხვა რაკურსით შლიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა 15 აპრილამდე გაგრძელდება.