ირაკლი ხელაძე – „დღეს ვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ქალაქის ბიუჯეტი 142 მილიონი ლარით იზრდება“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდაზე განცხადება გააკეთა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა უმრავლესობასთან სწორედ ასეთ საკითხებზე ითანამშრომლოს. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის საკითხს ეხება და არა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან თემებს.

„დღეს ვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ქალაქის ბიუჯეტი 142 მილიონი ლარით იზრდება. ბოლო პერიოდში ბიუჯეტის ზრდამ სისტემატური ხასიათი მიიღო. ამაზე უფრო მეტად უნდა ვესაუბრებოდეთ საზოგადოებას, რადგან ასეთი პრეცედენტები მანამდე არ არსებობდა.
2017 წელთან მიმართებით ქალაქის ბიუჯეტი გაორმაგებულია და ეს ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ დამატებითი რეკრეაციული სივრცეები მოეწყოს. თუნდაც, დღევანდელ პროექტში წარმოდგენილია საკითხი, რომ ნაძალადევის რაიონში თემქის ხევის საქალაქო პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს არის ისტორიული პროექტი. ბიუჯეტში ცვლილებით, რომელსაც დღეს განვიხილავთ, გათვალისწინებულია, ამ პროექტისთვის 16 მილიონი ლარის გამოყოფა. ასევე დამატებით ლოკაციებზე რეკრეაციული სივრცეების მოსაწყობად თანხებია გამოყოფილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაგავშემკრები კონტეინერების პრობლემური საკითხი. დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებით, რომელიც დღევანდელ სხდომაზეა წარმოდგენილი, ამისთვის გამოყოფილია თანხა და ძალიან ბევრი მოქალაქის მოთხოვნა დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მეტროს მოძრავი შემადგენლობის რესტავრაციისთვის თანხების გამოყოფაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საკრებულოში უმრავლესობა და ოპოზიცია სწორედ ასეთ საკითხებზე უნდა საუბრობდეს და თანამშრომლობდეს, თუმცა ოპოზიციის მხრიდან ბიუჯეტის განხილვის დროს მსგავსი თემების წამოწევა სამწუხაროდ არ ხდება და მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის საკითხით შემოიფარგლებიან. ირაკლი ხელაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესახებაც ისაუბრა.

„ისეთი სისტემური პრობლემები, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია და არ ექნება,“- დასძინა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები