კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში ნოამ სივანის კონცერტი გაიმართება

23 თებერვალს, 17:00 საათზე, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში გაიმართება იმპროვიზაციის მენტორის, პიანისტისა და კომპოზიტორის – ნოამ სივანის (ისრაელი) საფორტეპიანო იმრპოვიზაციის საღამო – კონცერტი.
კონსერვატორიის ინფორმაციით, ნოამ სივანი ასევე გეგმავს მასტერკლასებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მისი სამუშაო ფორმატის მიხედვით, იგი ჩაატარებს ჯგუფურ მასტერკლასებს, რომელშიც სხვადასხვა მიმართულების მუსიკოსი ერთდროულად მიიღებს მონაწილეობას; მათ შორის საფორტეპიანო, ჩასაბერი და სიმებიანი, ასევე ვოკალური და საკომპოზიციო.
ნოამ სივანი მუსიკის სამყაროში იმპროვიზაციის პიონერია. იგი იყო კერტისის მუსიკის ინსტიტუტის (ფილადელფია) იმპროვიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი და ჯულიარდის სკოლის კათედრის წევრი. ამჟამად, იგი შტუტგარტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საფორტეპიანო იმპროვიზაციის პროფესორია, სადაც 2020 წელს კლასიკურ საფორტეპიანო იმპროვიზაციაში, მსოფლიოში პირველი სამაგისტრო პროგრამა დააარსა.
ნოამ სივანის სოლო ალბომი – Ambiro’s Journey, რომელიც საფორტეპიანო იმპროვიზაციის პირველ სტუდიურ ალბომს წარმოადგენს და 70 წუთზე მეტ უწყვეტ მუსიკას მოიცავს, ჩაწერილია დაურედაქტირებელ რეჟიმში და მიჩნეულია, როგორც „ახალი, გამორჩეული სიტყვა იმპროვიზაციის განვითარების ისტორიაში“.
პროექტი  „ერაზმუს+”-ის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები