ირაკლი კობახიძე: როცა ტყუილების გავრცელებითაა დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება, უკრაინაში ოფიციალური ფორმატით ვიზიტი არის წარმოუდგენელი
“სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია არ გვიტოვებს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას”, – ასე განმარტა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ის, თუ რატომ არ ჩადიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში.
მისივე თქმით, როცა ტყუილების გავრცელებითაა დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება, უკრაინაში ოფიციალური ფორმატით ვიზიტი წარმოუდგენელია.
„არის სამწუხარო ვითარება ჩამოყალიბებული. უკრაინელ ხალხს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, რა თქმა უნდა და ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ ხელისუფლების ნაბიჯები არის პირდაპირ მიმართული, მათ შორის, უკრაინელი ხალხის სუბიექტური ნების წინააღმდეგ. როდესაც ქართველ ხალხს, საქართველოს პირდაპირ მოუწოდებენ მეორე ფრონტისკენ; როდესაც სამარცხვინო ტყუილს ავრცელებენ იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს და ა.შ. როდესაც ასეთი ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებენ უმაღლეს დონეზე მეორე ფრონტისკენ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ოფიციალური ფორმატით ვიზიტი არის წარმოუდგენელი. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია არ გვიტოვებს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას“, – განაცხადა კობახიძემ.