ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენთან ასეთი წესია, რაღაცაზე არგუმენტი თუ არ გაქვს, უნდა თქვა, რომ რუსულია; ჰგონიათ, ამით ყველა არგუმენტი მოტანილი აქვთ

„ჩვენთან ასეთი წესია, რაღაცაზე რომ არგუმენტი არ გაქვს, უნდა თქვა, რომ რუსულია და ჰგონიათ, რომ ამით ყველა არგუმენტი მოტანილი აქვთ”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

ქადაგიშვილი კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა.

“მხარდაჭერა გამოხატულია ძირითადი პრინციპის გარშემო, რომელიც გულისხმობს, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს. ჯერჯერობით პარლამენტში კანონპროექტის განხილვა არ დაწყებულა, ამიტომ, წინასწარ პოზიციის დაფიქსირება პრეზიდენტის პირადი პოზიციაა. კანონპროექტის განხილვა როდესაც დაიწყება, მაშინ იქნება შედარებული ეს კანონპროექტი ამერიკულთანაც და თუ გნებავთ რუსულთანაც და აღმოჩნდება, რომ ჩვენი კანონპროექტი შეიძლება, ყველაზე უფრო მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან. ამიტომ, წინასწარი განცხადებები, რომ გამჭვირვალობა დამღუპველია, აქ უფრო მეტად საქმე პოლიტიკურ მიკერძოებასთან გვაქვს, ვიდრე რეალურად კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბიუროს სხდომაზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები