„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში სიჩქარის ლიმიტები 50 კმ/სთ-მდე შემცირდეს, ეს ევროპული, აპრობირებული მეთოდია“ – ირაკლი იზორია
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში სიჩქარის ლიმიტები 50 კმ/სთ-მდე შემცირდეს. ამის შესახებ იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
იზორიამ განმარტა, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ მიმართულებით და რატომ არის მნიშვნელოვანი სიჩქარის ლიმიტების შემცირება.
„მოგეხსენებათ, ბოლო დღეებია, ტელეეთერით, ასევე, სოციალური მედიის საშუალებით გარკვეული ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ თბილისის მერია სიჩქარის ლიმიტების შემცირებას აპირებს, ჯერ ითქვა 40 კმ/სთ-მდე, შემდეგ კი 30 კმ/სთ-მდე. თუმცა, მინდა, ხაზგასმით ვისაუბრო იმაზე, რომ ოფიციალური ვერსია იმისა, თუ რა ლიმიტების შემოღებას აპირებს თბილისის მერია, ჯერ დადგენილი არ არის, ვინაიდან ჩვენს ფონდს მერიასთან კომუნიკაცია ჰქონდა და ჯერჯერობით ეს არ ვიცით. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე წლებია, ვითხოვთ იმას, რომ ქალაქში სიჩქარის ლიმიტები 50 კმ/სთ-მდე შემცირდეს. ეს არის ევროპული, აპრობირებული მეთოდი, სადაც ქალაქები ერთიან წესს ემორჩილებიან. ევროპის მასშტაბით ვერცერთ ქალაქს ვერ დამისახელებთ, სადაც 50 კმ/სთ-ზე მეტია მოძრაობა. შესაბამისად, ჩვენ წლებია, ამას ვითხოვთ, ვინაიდან საქართველოს ურბანულ დასახლებებში მისაღები სიჩქარე 60 კმ/სთ -ია, ამას 15 კმ/სთ-იანი მარჟა ემატება, რომელიც დასაშვებია და გამოდის, რომ საქართველოს ურბანულ დასახლებებში მძღოლები 75 კმ/სთ-ით ვმოძრაობთ, რაც არარეალური სიჩქარეა. 50 კმ/სთ გაეროს სტანდარტია, სხვადასხვა ახალი კვლევით დგინდება, რომ როდესაც ავტომობილზე შეჯახება გვერდითა მხრიდან ხდება და ავტომობილის სიჩქარე 50 კმ/სთ-ზე მეტია, ამ დროს 70 %-ით ბიძგი სიკვდილიანობისკენაა, ხოლო თუ სიჩქარე ნაკლებია, პროცენტული მაჩვენებელიც ნაკლებია. ზუსტად ამიტომ არის, რომ ევროპული ქალაქები 50 კმ/სთ-იან ზონებს ემორჩილებიან. ზუსტად ეს იყო სამოქალაქო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ 50 კმ/სთ-იანი ზონები ყოფილიყო.
ჩვენ დაახლოებით 15 წელია, საგზაო უსაფრთხოების და ტრანსპორტის საკითხებზე ვმუშაობთ. კარგად გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, ის კვლევები, რომელიც „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მიერაა გამოქვეყნებული. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო კვლევა ითვალისწინებს იმას, თუ რა ბენეფიტები შეიძლება, მოიტანოს ურბანულ დასახლებებში სიჩქარის კლებამ. თუმცა, ევროპის ქალაქები უფრო წინ წავიდნენ. შემიძლია, რამდენიმე ქალაქი დავასახელო, მაგალითად, ლონდონში ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება უკვე 20 მილით შეიზღუდა, რაც დაახლოებით 30 კმ/სთ-ია, ეს გამოწვეული იმით იყო, რომ ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალების ბევრი ფაქტს ჰქონდა ადგილი. ამიტომ, მიიღეს ეს ზომები. ასევე, ნულოვანი გაფრქვევის ზონები შემოიღეს, სადაც ავტომობილებს შესვლა არ შეუძლიათ. თუ ავტომობილი ელექტროა, ამ ქუჩებით სარგებლობა მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება. ლონდონის ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, როდესაც სიჩქარის კლება 20 მილამდე, ანუ 30 კ/სთ-მდე მოხდა, ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალება 63 %-ით შემცირდა, ავტომობილების შეჯახების დროს სიკვდილიანობა კი 25 %-ით. ასევე, წინ წავიდა სხვადასხვა ქალაქი როგორიცაა პარიზი, ბარსელონა და სხვები, სადაც 30-კმ/სთ-იანი ზონები შემოიღეს“, – განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ქუჩები მაინცდამაინც 30-40 კმ/სთ-იანი იქნება, სწორი არ არის.
„ჩვენ პირდაპირ არ ვითხოვთ, რომ ურბანული ზონა მაინცდამაინც 30 კმ/სთ-იანი იყოს. სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მაინცდამაინც 30-40 კმ/სთ-იანი იქნება თბილისის ქუჩები, ასე არ არის. როგორც ვიცით, 10 სატრანსპორტო დერეფანი უნდა გაკეთდეს. ეს დერეფნები შეიძლება, იყოს 40 კმ/სთ-იანი, 50 -იანი, შეიძლება – 30-იანიც იყოს, ეს წინასწარ არავინ იცის, რადგან კვლევის საგანია, დამოკიდებულია ქუჩის დიზაინზე, თუ როგორი მდებარეობა აქვს მას. მაგალითად, არის თუ არა მასზე სასკოლო ზონა, სავაჭრო ობიექტები, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, მჭიდროდ დასახლებული არის, თუ არა – ამის შესაბამისად მოხდება კილომეტრების განსაზღვრაც. ეს წინასწარ არავინ იცის, ველოდებით იმ ექსპერტების დასკვნას, რომლებიც ამ დერეფნების დიზაინში იქნებიან ჩართულები.
ჩვენმა ფონდმა თარგმნა მსოფლიო ქალაქების ქუჩების დიზაინი, რომელიც დაახლოებით 300-გვერდიანი დოკუმენტია და მოიცავს იმას, თუ როგორ უნდა დაპროექტდეს თანამედროვე ქალაქები, აქ ყველა დეტალია მოცემული, 100 ქალაქის წარმატებული პრაქტიკაა გამოყენებული. არ იქნებოდა ცუდი, იმ ადამიანებმა, ვისაც პრეტენზია აქვთ ტრანსპორტის და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, გარკვეული ცოდნა ჰქონდეთ, ეს წიგნი წაიკითხონ. მათთვის საინტერესო იქნება.
ასევე, მითია ის, რომ ჰაერის დაბინძურება გაიზრდება, თუ სიჩქარის ლიმიტები შემცირდება. როცა სიჩქარის ლიმიტები მაღალია, ავტომობილები სწრაფად გადაადგილდებიან, დაბალანსებული სიჩქარე არ გვაქვს, მნიშვნელოვანია ის, რომ მაქსიმუმ 50 კმ/სთ-იანი ქუჩები დაბალანსებული სიჩქარით მივიღოთ. ასევე, აუცილებელია, თბილისის მერიამ ის დაანონსებული პოლიტიკა გააგრძელოს, რომელიც სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობას, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას გულისხმობს. აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდეს“, – განაცხადა იზორიამ.
მისივე განცხადებით, ყველა სასკოლო ზონა 30 კმ/სთ-იანი უნდა იყოს.
„მინდა, ყურადღება სასკოლო ზონებზე გავამახვილო. ჩვენი ფონდი დაახლოებით 2 წელია, რაც სასკოლო ზონების მიმართულებით მუშაობს. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. ვფიქრობთ და გვინდა, როგორც ევროპაშია, თბილისშიც ისე იყოს. ყველა სასკოლო ზონა 30 კმ/სთ-იანი იყოს, რათა ჩვენი ბავშვები დაცულები იყვნენ და სიჩქარის ლიმიტები შემცირებული იყოს. აუდიტის სამსახურთან ერთად გარკვეულ სკოლებთან სიჩქარის რადარით შეფასება ჩავატარეთ, ვნახეთ, რომ 30 კმ/სთ კი არა, ხშირ შემთხვევაში სკოლებთან, ცენტრალურ ქუჩებზე 60-70 -80 კმ/სთ-იც არის დაფიქსირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს რეგულაცია მივიღოთ. ზუსტად მოთხოვნაც ის იყო, რომ სასკოლო ზონებთან 30 კმ/სთ იყოს, არ მოგვითხოვია ის, რომ 30 ქალაქის მასშტაბით ყოფილიყო.
დავასრულეთ ახალი გაიდლაინების თარგმნა – ეს არის დიზაინი ბავშვებისთვის. ეს არის არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სკოლასთან ქუჩა, არამედ ზოგადად სკვერებთან, დასახლებულ პუნქტებში, ბავშვებს უფრო მეტი სივრცე რომ ჰქონდეთ. საერთაშორისო კვლევებით, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ კვლევებით დასტურდება ის, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან უსაფრთხო და მწვანე გარემო სჭირდებათ, რაც მათ განვითარებას უწყობს ხელს, როგორც ფიზიოლოგიურად, ისე ფსიქოლოგიურად“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.
თამუნა შეყილაძე