ოხანაშვილი: სიმბოლურია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამხილა პოლიტიკური სტრუქტურის მიერ მიღებული დეზინფორმაციული დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია ე.წ. რეზოლუცია

სიმბოლურია, რომ ევროპის ფარგლებში არსებულმა უმაღლესი დონის ინსტიტუციამ, სტრასბურგის სასამართლომ ამხილა პოლიტიკური სტრუქტურის მიერ მიღებული დეზინფორმაციული დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია ე.წ. რეზოლუცია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც ერთდროულად გამოეხმაურა სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციასა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ “ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ეს არის ძალიან მძიმე რამ, როდესაც სტრასბურგი ეუბნება ქვეყანას და ამ შემთხვევაში ევროპარლამენტს თავის რეზოლუციასთან მიმართებით, რომ ადამიანი, ვისი წარმოჩენაც ხდება, თითქოს, იყო დემოკრატი და დასავლური ღირებულებების ერთგული, მისი ხელისუფლების პირობებში, ეს ხალხი პატიმრებს აწამებდნენ არა მხოლოდ სისტემატურად, არამედ სისტემურად. მთელი სახელისუფლებო რგოლი იყო ამაში ჩართული. როგორც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ პატიმრებში შიში დაეთესათ და პატიმრები სრულ მორჩილებაში ყოფილიყვნენ.

ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად, საპატიმრო დაწესებულებაში პირის მოხვედრა ნიშნავდა, რომ ის, მაშინდელი ხელისუფლების პირობებში, ადამიანად აღარ აღიქმებოდა. რა პირობებში უწევდათ ყოფნა და როგორ წამებას ახორციელებდნენ, ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. კიდევ ერთხელ, სიმბოლურია, რომ ევროპის ფარგლებში არსებულმა უმაღლესი დონის ინსტიტუციამ, სტრასბურგის სასამართლომ ამხილა პოლიტიკური სტრუქტურის მიერ მიღებული დეზინფორმაციული დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია ე.წ. რეზოლუცია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები