ფსორიაზი – ქრონიკული, თუმცა, მართვადი დაავადება – ინტერვიუ დერმატოლოგ ცირა ლეონიძესთან
ფსორიაზი მთელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული, კანის ქრონიკული დაავადებაა. თავად ფსორიაზის სიმპტომებთან ერთად, პაციენტები ხშირად საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის გამოც იტანჯებიან და ეს მაშინ, როდესაც ის გადამდები არ არის და ამ დაავადების მქონე ყველა ადამიანი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია.
დაავადების მიზეზებზე, სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე “კვირას” მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიისა და ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის წევრი, ცირა ლეონიძე ესაუბრა:
– ფსორიაზი, ეს არის სისტემური დაავადება, რომელიც კანზე გამონაყარით ვლინდება. უცნობია, რა იწვევს ამ დაავადებას, მაგრამ ცნობილია, რომ გარკვეულ, იმუნური სისტემის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. საქართველოში, როგორც მსოფლიოში, დაახლოებით 2-5%-მდეა დაავადებული. შეიძლება, გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა, პირველადად 75%-ში 20-35 წლის ასაკში ვლინდება.
ფსორიაზისთვის დამახასიათებელია, ძირითადად მემკვიდრული ფაქტორი/გენეტიკური განწყობა. 30%-ს შეიძლება, განუვითარდეს ფსორიაზული ართრიტი. როგორც წესი, ჯერ ვითარდება კანზე გამონაყარი და შემდეგ შესაძლოა, განვითარდეს სახსრების დაზიანება, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც კანზე გამონაყარს უსწრებს სახსრების დაზიანება და ასეთ დროს ძალიან ძნელია სწორი დიაგნოზის დასმა, რადგან ფსორიაზული ართრიტის სადიაგნოზო სპეციფიკური ტესტი არ არსებობს, პაციენტებს უტარდებათ გაურკვეველი ართრიტის მკურნალობა.
– რა იწვევს ფსორიაზის პროვოცირებას?
ეს შეიძლება, იყოს სტრესი, ნებისმიერი ვირუსული დაავადება, ბაქტერიული დაავადება, ნებისმიერი ინფექცია.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი მშობლისგან იღებს მემკვიდრეობით ბავშვი დაავადების გენს?
ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ერთი მშობელი დაავადებულია ფსორიაზით, მაშინ არის დაახლოებით 10 პროცენტი ალბათობა, რომ გადავიდეს შვილზე, თუ ორივე მშობელია დაავადებული, ალბათობა იზრდება 40-50%-მდე, რომ შვილს ფსორიაზი განუვითარდეს. თუმცა, აუცილებელი არ არის, მშობელს ჰქონდეს გამოვლინება, შესაძლებელია წინაპრებს – ბებია-ბაბუიდან გადავიდეს. ამიტომ, ყოველთვის ვეკითხებით პაციენტს გენეტიკურ განწყობას.
– რა ფორმებით შეიძლება, გამოვლინდეს ფსორიაზი?
ფსორიაზს აქვს სხვადასხვა ფორმა. დაავადება შეიძლება, ზოგჯერ ძალიან მსუბუქად გამოვლინდეს, ეს გამოიხატება ერთეული გამონაყარით ტიპურ ადგილებზე, ესენია – იდაყვები, მუხლები, თავის თმიანი არე. ასეთი მიმდინარეობისას, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს მთელი ცხოვრება აქვს ფსორიაზი და არ იცის ამის შესახებ, მაგალითად, როდესაც იდაყვებზეა უმნიშვნელოდ გამოხატული, გამონაყარი გარკვეულ პერიოდებში ჩნდება და შემდგომ ქრება. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, უპირატესად – ვითარდება ან ზაფხულში ან ზამთარში.მაგრამ შეიძლება, შემოდგომა-გაზაფხულზეც განვითარდეს, მკურნალობის მიზანია – მივაღწიოთ რემისიებს, არის პერიოდები, როდესაც კანი სუფთაა, ფსორიაზით დაავადებულებს ძირითადად აწუხებთ კანზე არსებული გამონაყარი, ზოგჯერ შეიძლება, ჰქონდეთ ქავილი.
– როგორ ხდება დიაგნოსტირება?
-დიაგნოსტიკა ხდება მხოლოდ დათვალიერებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, გაკეთდეს ბიოფსია.
– მკურნალობა როგორ მიმდინარეობს?
მკურნალობა ხდება ინდივიდუალურად და იმის მიხედვით, თუ დაავადების რა ფორმა აქვს პაციენტს. ბოლო პერიოდში მოწოდებულია საკმაოდ ეფექტურია ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც მძიმე ფორმების და ფსორიაზული ართრიტების დროს ინიშნება.
შესაძლებელია ფსორიაზის მხოლოდ კონტროლი და მართვა, რისთვისაც აუცილებლად საჭიროა თანმხლები დაავადებების პარალელური მკურნალობა, რადგან ფსორიაზი ასოცირებულია ამ თანმხლებ დაავადებებთან. ეს არის: ცენტრალური ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები.
– სახლის პირობებში, ექიმთან ვიზიტამდე მკურნალობა არის თუ არა მავნებელი ჯანმრთელობისთვის?
რა თქმა უნდა, პაციენტმა თვითმკურნალობა არ უნდა დაიწყოს ფსორიაზის დროს, ისევე როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ინტერნეტში უამრავი არასწორი მასალაა. ის, რაც ღირებულია პაციენტისთვის, ინტერნეტში ხელმისაწვდომი არ არის. ვიღაცის პირადი რჩევებით მკურნალობა არის დამაზიანებელი, რადგან არის პრეპარატები, რომლებიც უკუნაჩვენებია ფსორიაზის დროს და კატეგორიულად არ შეიძლება მათი მიღება. შესაბამისად, თვითმკურნალობაც არ შეიძლება და მძიმე შემთხვევების უმრავლესობა სწორედ თვითნებურად ნამკურნალევ პაციენტებზე მოდის.