საქართველოს პარლამენტში მედიასაშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისთვის რეგისტრაციის ვადა 20 თებერვალს იწურება
საქართველოს პარლამენტში მედიასაშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისთვის რეგისტრაციის ვადა 20 თებერვალს იწურება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მატერიალური სახით (მის: რუსთაველის N8) ან ელექტრონულ ფოსტაზე contact@parliament.ge
სააკრედიტაციო განაცხადს უნდა ერთოდეს, ჟურნალისტების სია (ჟურნალისტის სახელი და გვარი, მისი პირადი ნომერი, დაკავებული თანამდებობა, სამსახურებრივი და მობილური ტელეფონების ნომრები). ჟურნალისტის პირადობის/ბინადრობის მოწმობის ასლი; ჟურნალისტის ფოტოსურათის (ზომა − 3X4) ელექტრონული ვარიანტი; ბეჭდვითი ორგანოს შემთხვევაში – მის მიერ სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში დაბეჭდილ გამოცემათა ეგზემპლარები; მაუწყებლის შემთხვევაში – მასზე შესაბამისი ავტორიზაციის/ლიცენზიის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. პარლამენტის აკრედიტაცია გაიცემა შემდეგი რაოდენობით: გაზეთი და ჟურნალი – 2; რადიო – 2; ონლაინ გამოცემა – 4; საზოგადოებრივი მაუწყებელი – 7 გადამღები ჯგუფი (თითო გადამღებ ჯგუფში ჟურნალისტი, ოპერატორი, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო პერსონალი), საეთერო ეროვნული ტელემაუწყებელი – 7 გადამღები ჯგუფი; სხვა ტელემაუწყებელი – 3 გადამღები ჯგუფი. 2023 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის ვადა 1 მარტიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრება. ასევე შეგახსენებთ, რომ დამტკიცებული წესის თანახმად, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია. ერთჯერადი აკრედიტაციის მიღებისთვის საჭიროა განცხადებაში აღნიშნული იყოს ჟურნალისტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი და საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლის სასურველი თარიღი.
სპეციალური აკრედიტაციის მიღების შესახებ განცხადებას მედიასაშუალება ან ჟურნალისტი წარადგენს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: media@parliament.ge საქართველოს პარლამენტში მედიასაშუალებების აკრედიტაციის წესი: https://web-api.parliament.ge/storage/files/11/akreditacia-2023.pdf