პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე, ერთი პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე, გ.წ. დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, მსჯავრდებულმა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე,მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მსჯავრდებულმა დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე გაამართლა და დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი განიცადა), რისთვისაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.