მეუფე ნიკოლოზი: სინოდის სხდომამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სულ რაღაც სამი საკითხი განვიხილეთ
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე სამი საკითხი იქნა განხილული.
როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი საკითხი თურქეთში მომხდარი ტრაგედია იყო და საქართველოს საპატრიარქო თურქეთის სახელმწიფოს სამძიმრის წერილს გაუგზავნის.
“რა იყო საკითხები ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მდივანი ჰყავდა სინოდს, რომელიც წერს ახლა, დაამთავრებს ძალიან მალე. მოკლე სხდომა იყო, სულ რაღაც სამი საკითხი იყო. ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა სინოდის სხდომამ, საერთოდ, ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად, არაფერი საკამათო არ იყო. პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და პატრიარქობიდან 45 წლის იუბილე. ეს მთელმა სინოდმა მიულოცა. ერთ-ერთი საკითხი, რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია, ამაზეც ვისაუბრეთ. დანარჩენი ყოფითი საკითხები იყო,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.