გიორგი ტყემალაძემ თინა მგალობლიშვილს რადიოს მსოფლიო დღე მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, დიქტორს, ფილმების გამხმოვანებელს, მსახიობ თინა მგალობლიშვილს შეხვდა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ლეგენდარულ გამხმოვანებელსა და ტელე-რადიო წამყვანს რადიოს მსოფლიო დღე მიულოცა, ქართული ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე უსურვა.

გიორგი ტყემალაძის თქმით, მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, რადიო დღესდღეობითაც რჩება მილიონობით ადამიანისთვის კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღებისა და გართობის საშუალებად.

„დღეს რადიოს საერთაშორისო დღეა. საქართველოში რადიომაუწყებლობა ათეულობით წელს ითვლის, რადიოს ხმა დღემდე სასიამოვნოდ ჩაესმის უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს, რადიოწამყვანები კი ისეთივე პოპულარობით სარგებლობენ, როგორითაც ცნობილი ტელეჟურნალისტები. ერთ-ერთი ასეთი რადიოწამყვანი ქალბატონი თინა მგალობლიშვილია, რომელიც 19 წლის ასაკიდან მუშაობდა ქართულ რადიოში. მისი ხმა რადიოდან ესმოდა რამდენიმე თაობის მსმენელს და, შეიძლება ითქვას, რომ იგი მთელი ეპოქის შექმნაში უშუალოდ მონაწილეობდა. ვულოცავ ქალბატონ თინას მის პროფესიულ დღეს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სათავეებთან მდგარმა „სამი მიკროფონის ჯადოქრად“ წოდებულმა თინა მგალობლიშვილმა 600-ზე მეტი კინოგმირი გაახმოვანა. თინა მგალობლიშვილისა და მისი ორი კოლეგის – ირინა მათიაშვილისა და ირმა გურიელის – ვარსკვლავები მთაწმინდის პარკში, ტელეანძის მიმდებარედ, „ვარსკვლავების ხეივანში“, არის გახსნილი. რადიოს მსოფლიო დღე, ესპანეთის ინიციატივით, იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დაწესდა. 1946 წლის 13 თებერვალს პირველად გავიდა ეთერში გაეროს რადიო და სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები