ლევან დავითაშვილი: ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება
საქართველოსა და ხორვატიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელმოწერა ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – ლევან დავითაშვილისა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის – გორდან გრლიჩ რადმანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ერთობლივი კომისიების ფარგლებში შეგვეძლება, ფორმალურად განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ეს გააღრმავებს ჩვენსა და ხორვატიას შორის ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცეპრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ხორვატიის მხრიდან გამოცდილების გაზიარებაზეც. „ხორვატია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრია, მათ შორის, ევროზონისა და შენგენის. ამდენად, ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრა და ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მეგობრულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.