პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიშში ასახულია კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული და თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლობა, დაინტერესებული პირების კორესპონდენციის დამუშავება და მასზე რეაგირება.
„გასულ წელს კომიტეტის საქმიანობა უკავშირდებოდა დემოკრატიული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის ხელშეწყობას და ჩვენი საკანონმდებლო საქმიანობაც ამ მიმართულებით იყო ორიენტირებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას ემსახურება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საანგარიშო პერიოდში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა 52 სხდომა და განიხილა: 64 საკანონმდებლო ინიციატივა (305 კანონპროექტი), 1 კონცეფცია, საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული 1 საკითხი, 33 საკანონმდებლო წინადადება, საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული 6 საკითხი და თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული 6 საკითხი. 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტს წარუდგინა 5 საკანონმდებლო ინიციატივა, ხოლო კომიტეტის წევრთა მონაწილეობით პარლამენტს წარედგინა 50 საკანონმდებლო ინიციატივა. კომიტეტის აპარატმა პარლამენტის წარმომადგენლობა განახორციელა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ 22 საქმეზე. გასულ წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აქტიურად ითანამშრომლა საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლობებთან, ვენეციის კომისიასთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან.