შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: პარლამენტი მათი აქტიურობის გარეშეც ქმედუნარიანია

მათ თითქმის ერთი წელი, სულ მცირე ნახევარი წელი დაკარგეს დასაწყისში, როდესაც ბოიკოტში იმყოფებოდნენ და არ გამოირჩეოდნენ აქტიურობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი ოპოზიციის აქტიურობის გარეშეც ქმედუნარიანია.

„მათ თითქმის ერთი წელი, სულ მცირე ნახევარი წელი დაკარგეს დასაწყისში, როდესაც ბოიკოტში იმყოფებოდნენ და არ გამოირჩეოდნენ აქტიურობით. სხვათაშორის, ალბათ საზოგადოებას ახსოვს, შარშან, წლის ბოლოს საჯაროდაც გავახმოვანეთ, რომ არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, 70 000 ლარის ხელფასი დაექვითა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც შემდეგ პარლამენტის მხრიდან ქველმოქმედებაში დაიხარჯა. ესეც გვაჩვენებს, როგორ არის რიცხვში ასახული ოპოზიციის პასიურობა.

რაც შეეხება მომავალს, საპარლამენტო უმრავლესობას აქვს საპარლამენტო უმრავლესობა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამიტომ ამ მხრივ შეფერხება არ გვაქვს. ჩვენ ერთი მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი არის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე გამჭვირვალედ მოქმედებს და ჩართულობის მაღალი ხარისხია, ყველას აქვს შესაძლებლობა, იყოს მონაწილე ამ პროცესებისა, ამავე დროს, თვითკრიტიკულებიც ვართ ბევრ საკითხში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ღია დისკუსიის შედეგად მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია აქ იქნებოდა დიდი დამხმარე, რომ იყოს აქტიური, მაგრამ მათი აქტიურობის გარეშეც, პარლამენტი არის ქმედუნარიანი. ვიტყოდი, რომ ახლა მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით შემდეგი წელიწად-ნახევარი სწორედ ოპოზიციისთვის და განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, რომელსაც ერთი მხრივ, არ უნდა, იყოს რადიკალური დღის წესრიგის ნაწილი, თუმცა იძულებულია, გარკვეულწილად აჰყვეს ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინაიდან არიან ჯერ კიდევ პატარები და სუსტები. ისინი კი, სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ამ პერიოდს იყენებდნენ, რათა აჩვენონ თავის ამომრჩეველს, რატომ უნდა მისცენ მათ ხმა მომავალ არჩევნებზე და ამით გაძლიერდნენ, დაარწმუნონ უფრო მეტი მოქალაქე, რომ ხმა მისცენ, ისინი მაინც ხანდახან და რიგ შემთხვევაში ჰყვებიან ამ დღის წესრიგს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები