“დასავლეთის არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა აფხაზეთის სუვერენიტეტი, მაგრამ გაიძულებთ, პატივი გვცეთ” – ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ ე.წ. რესპუბლიკის სუვერენიტეტი დასავლეთის არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა, მაგრამ “ანგარიშის გაწევას და ჩვენს პატივისცემას გაიძულებთ”.

ამის შესახებ მან ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

მანვე გაიხსენა, რომ გაერო-ს წევრი ქვეყნებისგან ე.წ. რესპუბლიკა მხოლოდ რუსეთმა, სირიამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის რეგიონის პატარა ქვეყნებმა აღიარეს.

„დასავლელებთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ ნულოვანი შედეგი მოიტანა. წლების განმავლობაში ჩვენთან ევროპელი ჩინოვნიკები ჩამოდიან, რომლებიც ცდილობენ ჩვენზე მანიპულირებას იმ იმედით, რომ მათ გეგმებს ღიმილით შევასრულებთ. გაიძულებთ ჩვენს პატივისცემას და ანგარიშის გაწევას, თუნდაც ეს არ გინდოდეთ“, – თქვა მან.

არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში დასავლეთის ქვეყნები მთელ მსოფლიოში ფარისევლურ საქმიანობას ახორციელებენ და თითქოს, ჰუმანიტარული დახმარების გაწევით არიან დაკავებული, როგორც ეს თავის დროზე უკრაინაში იყო, “შემდეგ იწყებენ შეიარაღებულ კონფლიქტებს, ანგრევენ სახელმწიფოებრიობას, ითვისებენ რესურსებს, მუხლებზე აყენებენ მთელ ერებს და იმორჩილებენ მათ დიქტატორულ ნებას”.

„ჩვენ ვიცით, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს დღეს თბილისში, ევროპის დედაქალაქებში, ნიუ-იორკში. ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ვაკვირდებით სიტუაციას და ვიცით, რა იგეგმება აფხაზეთში. მივმართავთ დასავლელებს, რომ ვაცნობოთ, ჩვენ არ დავუშვებთ და არ მოგცემთ საშუალებას ეს ჩვენს მიწაზე გააკეთოთ”,- თქვა არძინბამ.

მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. რესპუბლიკის კეთილდღეობის მთავარი რეცეპტი ეკონომიკური ინტეგრაცია, თანამშრომლობა, ინვესტიციები და სამუშაო ადგილების შექმნაა.

„ჩვენ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები რუსეთთან, ბელარუსთან, ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან დაამყარონ ურთიერთპატივისცემის ურთიერთობები. ისინი არ არიან მხოლოდ პარტნიორები, ისინი არიან მოძმე ხალხები, რომლებთანაც ჩვენ უნდა ავაშენოთ აყვავებული, უსაფრთხო მომავალი“, – დასძინა არძინბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები