შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ გაწეული საქმიანობა და დაგეგმილი აქტივობები იყო.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რიგი საკითხები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმის, გენდერული და საპარლამენტო ზედამხედველობის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაზიარების კუთხით, ფაქტობრივად, პარლამენტის მიერ უკვე შესრულებულია. მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც, რომელთა შესასრულებლად მუშაობა მიმდინარეობს.

„ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, თუ რა საქმიანობა გასწია პარლამენტმა შარშან და სად ვართ ახლა; ჩვენი შეფასებით რომელი საკითხებია, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ უკვე სრულად ვუპასუხეთ რეკომენდაციას, საკითხები, რომლებიც რჩება ღიად და შესაბამისად დეტალებზე გვქონდა საუბარი. ღია საკითხებთან დაკავშირებით დარჩენილია ომბუდსმენის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, რომლის უმრავლესობაში მყოფ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს და მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურ ჯგუფი იყოს მოწადინებული, რომ მოხდეს შეთანხმება ფრაქციებს შორის. დიდი იმედი გვაქვს რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ასეთი შეთანხმება შედგება. ასევე არის ორი პროექტი: სასამართლო რეფორმის პაკეტი და დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტი, რომელზეც ველოდებით დასკვნას.
მარტში, როგორც კი იქნება ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნა, განვაახლებთ მსჯელობას ამ ორ მიმართულებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები