ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, დასახულ მიზნებსა და ამოცანებზე მსჯელობას ორდღიანი გასვლითი შეხვედრა მიეძღვნა, რომლის შემუშავებაშიც კომიტეტის წევრებთან ერთად, ჩართული იყვნენ ევროკავშირის პროექტის ექსპერტებიც.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა 5 ძირითადი სტრატეგიული მიზნისაგან შედგება, რომელიც კონკრეტულ აქტივობებს მოიცავს და ფარავს კომიტეტის საქმიანობის საკანონმდებლო. საზედამხედველო, საპარლამენტო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებებს.

საპარლამენტო დონეზე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხელშეწყობის მიზნით, განსაზღვრულია ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშების მოსმენასთან ერთად, მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების აღსრულების ზედამხედველობა და საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, კომიტეტის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო დიპლომატიის გზით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს: საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას; ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და კანდიდატ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას; ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კვლავ იქნება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა და იმსჯელა იმ ძირითად მიღწევებზე, რაც გასულ წელს განხორციელდა კომიტეტის საქმიანობის შედეგად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები