“ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს მიზნისკენ მიმავალი გზისთვის არ გადაუხვევია და ის ევროპული ოჯახისკენ მიიწევს” – ზაალ კასრელიშვილი

რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს მიზნისკენ მიმავალი გზისთვის არ გადაუხვევია და ევროპული ოჯახისკენ მიიწევს.

მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას კასრელიშვილი ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებულ შეფასების ანალიზს გამოეხმაურა.

“ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ევროკიმისიამ დაადგინა, რომ საქართველოს მიზნისკენ მიმავალი გზისთვის არ გადაუხვევია, ის ნაბიჯ-ნაბიჯ, პრობლემებით, მაგრამ მაინც ევროპული ოჯახისკენ მიიწევს. ევროკომისიის ეს განცხადება რამდენიმე გზავნილად შეიძლება, განვიხილოთ.
პირველი – ეს ევროპელებისთვის გზავნილია, რომ, მიუხედავად ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაპირისპირებისა, რომელიც ძირითადად მედიასივრცეში ვითარება, საქართველო ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზას ადგას და მას ამ გზიდან არ გადაუხვევია. საფრთხე ამ ქვეყნიდან არც ევროპისთვის, არც ზოგადად დასავლეთისთვის არ მოდის.
ევროკომისიის ამ განცხადების მეორე გზავნილი გახლავთ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც მედიასივრციდან უკიჟინებენ, რომ საქართველო რუსეთს ჩაბარდა, გული არ გაუტყდეს, იმედიანად გააგრძელოს წინსვლა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებამდე მიგვიყვანს.

აქ მესიჯი ჩვენი რეგიონის, აზიის, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების მოსახლეობისთვისაცაა, რომელთათვისაც ევროპაში აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ენერგომატარებლების გატარება სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესი გახდა. რა თქმა უნდა, მათაც აინტერესებთ, რა გზას ადგას საქართველო. მათი ინტერესიცაა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოში უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიამ მათ ეკონომიკური გაძლიერების საშუალება მისცეთ, ამ ევრაზიული კორიდორის გავლით ექსპორტი უპრობლემოდ მოახდინონ.
ევროპელები კორიდორის ამოქმედებას ელოდებიან. მათთვის ეს სასუნთქია, ენერგომატარებლებს ჩვენი ტერიტორიების გავლით მიიღებენ, უკრაინაში ომი მალე რომც დამთავრდეს, ზავითაც რომ დამთავრდეს ისე, რომ ევროპელებისთვის მისაღები იყოს, ენერგომატარებლების გატარებისთვის რუსეთის მაგისტრალების აღდგენა რომ მოხდეს, ალტერნატიული, ანუ ჩვენი გზა მაინც სჭირდებათ. სერიოზული ევროპელები, დასავლეთში სერიოზული ხალხი არ აჰყვებიან ქართულ მედიასივრცეში არსებულ პროპაგანდას, მედიარევოლუციის მომხრეები არ გახდებიან, იმ რიტორიკის მხარდამჭერები არ იქნებიან, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ცვლილებების დაწყებისკენ რევოლუციის გზით, აგრესიულად მოუწოდებს. ევროკომისიის ამ განცხადებამ მათაც პირდაპირ გაუგზავნა გზავნილი – აგრესიულ რიტორიკას და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესახებ მოწოდებებს თავი დაანებეთო. ამას აქაურ პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ. რაც შეხებათ უკრაინაში მეომრებს – პირველ ყოვლისა, ეცადეთ, გადარჩეთ და ცოცხლები დაბრუნდეთ. შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე, თუ ვის უნდა მივცეთ ხმა და რატომ”, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზის თანახმად, საქართველო ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.

კერძოდ, მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების, საჯარო შესყიდვების, სტატისტიკის და ფინანსური კონტროლის სფეროებში – საქართველო პირველ ადგილზეა 8 ქულით, მეორე ადგილზეა უკრაინა – 7 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე მოლდოვა – 6 ქულით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები