ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომერციის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, რეგულირდება ელექტრონული კომერციის/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა. განისაზღვრება საინფორმაციო მომსახურებების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები და ვალდებულებები.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, ამასთან, არ არსებობს რაიმე სახის რეგულაცია, რომელიც კრძალავს შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისთვის ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესებას და ითვალისწინებს მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას, აგრეთვე ინტერნეტ სივრცეში არსებული უკანონო ინფორმაციის ამოღების მოთხოვნით მიმართვის სისტემა, ამოღების ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და ამ ვალდებულებისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები. აგრეთვე, არ არსებობს ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვისა და მომსახურების მიმწოდებლის მიერ მინიმალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების მომწესრიგებელი კანონმდებლობა, რაც ამცირებს ნდობას მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ და ზრდის რისკებს მომსახურების მიმღებთათვის”, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ელექტრონული კომერციის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება უკავშირდება ქვეყანაში მეწარმეობის და ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას, ციფრული შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას, ასევე, ელექტრონული კომერციის სფეროში მომხმარებლის უფლებების დამატებითი დაცვის უზრუნველყოფას და ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის ერთიან ციფრულ ბაზარზე და გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებას. „კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია ვინაიდან, იგი დაკავშირებულია ქვეყანაში სამეწარმეო და ელექტრონული ვაჭრობის შემდგომ განვითარებასთან, საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებასთან, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, შიდა ბაზრის სათანადოდ ფუნქციონირების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებასთან, რაც საბოლოო ჯამში, დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის სავაჭრო იმიჯსა და მისი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე” – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები