ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოს” პრემიერა გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის უკვდავი ოპერა “რიგოლეტო” ბრუნდება. პრემიერა 12, 17, 18 და 19 თებერვალს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მონტე კარლოს ოპერის თეატრის პროდუქცია. სპექტაკლის რეჟისორია ორანჟის ფესტივალისა და მონტე კარლოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ჟან ლუი გრინდა, სცენოგრაფი – რუდი საბუნგი, კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი, განათების მხატვარი – ლორან კასტენი. პრემიერა ეძღვნება ცნობილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის რევაზ კაკაბაძის ხსოვნას.

აღსანიშნავია რომ თბილისში “რიგოლეტო” პირველად 170 წლის წინ, 1853 წელს, მსოფლიო პრემიერიდან 2 წელიწადში დაიდგა.

ჯუზეპე ვერდის ოპერა “რიგოლეტოს” პრემიერა 1851 წლის 11 მარტს ვენეციის თეატრ “ლა ფენიჩეში” გაიამართა. მას საფუძველად დაედო ვიქტორ ჰიუგოს დრამის სიუჟეტი “მეფე ერთობა”. ოპერას აღფრთოვანებით შეხვდნენ და იგი საოცარი სისწრაფით გავრცელდა ევროპის სცენებზე და უდიდესი პოპულარობა მოუტანა. სწორედ “რიგოლეტოს” მიიჩნევდა ვერდი თავის საუკეთესო ქმნილებად. პრემიერის შემდეგ კომპოზიტორმა განაცხადა:” მე კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და ვფიქრობ რომ ვერაფერს უკეთესს ვერ დავწერ”. დღესაც ეს ოპერა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საოპერო ნაწარმოებად მსოფლიო კულტურის ისტორიაში.

პირველად “რიგოლეტოს” ეკრანიზაცია 1946 წელს განხორციელდა. ფილმის რეჟისორი გახლდათ კარმინე გალონე, რიგოლეტოს როლს დიდი ტიტო გობი ასრულებდა. ფილმი-ოპერა კი 1983 წელს ჟან პიერ პონელმა გადაიღო, რომელშიც მონაწილეობდნენ ლუჩანო პავაროტი, იგვარ ვიქსელი და ედიტა გრუბეროვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები