კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო

კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ღაღანიძის, გარდაცვალების გამო.
„ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წელს. 1956 წლიდან იგი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. ჯემალ ღაღანიძის თეატრში განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი”), ბატონი გიორგი („მზიანი ღამე”), როზენკრაცი („ჰამლეტი“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა”), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში”), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა”), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე”), ტირელი („რიჩარდ III), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი”), II ალქაჯი („მაკბეტი”), შალვა („მოხუცი ჯამბაზები“) და სხვა.
ჯემალ ღაღანიძემ ბევრი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში. იგი მონაწილეობს ფილმებში: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი” (1968), „კარდაკარ” (1960), „ფეოლა” (1970), „ლაზარეს თავგადასავალი“ (1973), , „ვინ არის დამნაშავე”, „კაპიტნები“ (1974), „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (1975), „ნატვრის ხე“ (1976) და სხვა.
მსახიობი მონაწილეობს ცნობილ ქართულ ტელესერიალებში „ცხელი ძაღლი“ და „ყავა და ლუდი“.
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი. მსახიობის ნიჭი და დამსახურება არაერთი ჯილდოთი და პრემიით აღინიშნა. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიიღო იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო”. ჯემალ ღაღანიძე იყო იმ რამდენიმე მსახიობს შორის, რომელთაც განსაკუთრებული სახასიათო როლების შექმნისთვის იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია გადაეცათ.
ცნობილი მსახიობი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მადლიერებით პატივს მიაგებს ჯემალ ღაღანიძის ხსოვნას და თანაუგრძნობს ოჯახს, კოლეგებს, საზოგადოებას. ჯემალ ღაღანიძეს, მისი განსაკუთრებული თვისებების გამო, მუდამ დიდი სითბოთი გავიხსენებთ“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები