“არ გვინდა, მონაწილეობა მივიღოთ “ჟენევის მონოლოგში” – ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მიიჩნევს, რომ ე.წ. რესპუბლიკა “დასავლეთის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას აწყდება”.

„დასავლეთის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა აფხაზეთის ტერიტორიაზეც ვლინდება, როდესაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ზოგიერთი თანამოაზრე აცხადებს დეიზოლაციის პოლიტიკის მნიშვნელობას. შესაბამისად, დეიზოლაციაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც ფულს იღებენ მათგან, ვინც ჩვენს იზოლაციას ახდენს”, – თქვა მან.

არძინბამ აღნიშნა, რომ “აფხაზეთი მზად არის ღია და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგისთვის, მაგრამ არ მიიღებს ასეთ დამოკიდებულებას”.

ე.წ. მინისტრის თქმით, დასავლეთის ორმაგი პოლიტიკა, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების მიმართაც ვლინდება, როდესაც თანათავმჯდომარეებს შეუძლიათ რაუნდების გადადება ცალმხრივად.

“თუ პატივს გვცემენ, გულწრფელად აინტერესებთ ჩვენი აზრი, პატივს სცემენ ჩვენი რუსი და სამხრეთ ოსელი ძმების აზრს, მაშინ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, ნებისმიერ დონეზე. ჩვენ არ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ “ჟენევის მონოლოგში”, – განაცხადა არძინბამ და დააზუსტა, რომ “ევროპელი ბიუროკრატები აკეთებენ იმას, რასაც ვაშინგტონი კარნახობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები