რატი იონათამიშვილი – სააკაშვილზე: დღეს, როდესაც პალატის პატიმარმა თქვა, რომ სურს – ჩაერთოს სასამართლო პროცესზე, კიდევ ერთი აღიარებაა, რომ რეანიმაციებზე საუბარი არის მოგონილი
“ქართული ოცნების” წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი თანაგუნდელები სიცრუეს ტირაჟირებენ.
“გუშინ, როდესაც ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა სააკაშვილის წერილი, ამაზე “ნაციონალური მოძრაობის” გარკვეულ წარმომადგენლებს ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდათ, ვინაიდან, ფაქტობრივად, კალიგრაფიით გამოიკვეთა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი არც ისე ცუდად არის, როგორც ამის დახატვა უნდათ მის მხარდამჭერებს.
დღეს, როდესაც ამ ადამიანმა, პალატის პატიმარმა თქვა, რომ სურს ჩაერთოს სასამართლო პროცესზე, კიდევ ერთი აღიარებაა, რომ რეანიმაციებზე საუბარი არის მხოლოდ მოგონილი და ხელოვნური და მას სინამდვილესთან არაფერი საერთო არ გააჩნია. ასეთი სიცრუის ტირაჟირებით არიან დაკავებულები ეს ადამიანები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიცრუის გამოაშკარავებაც ძალიან მარტივად ხდება”, – განაცხადა იონათამიშვილმა.