ჩაბნელებული აფხაზეთი – ე.წ. რესპუბლიკაში ელექტროენერგია დღეში 7 საათით გაითიშება, ამოქმედდა ახალი გრაფიკი
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტთან დაკავშირებით ახალი გრაფიკი შეადგინეს, რომლის მიხედვით, ზოგ რაიონში მოსახლეობას ელექტროენერგია დღის განმავლობაში 7 საათის განმავლობაში არ ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ 12 იანვარს “ჩერნომორენერგოში”განაცხადეს, რომ 31 მარტამდე იმოქმედებდა გრაფიკი და აბონენტები ელექტროენერგიის გარეშე 4 საათის განმავლობაში დარჩებოდნენ, როგორც ჩანს, პროგნოზები არ გამართლდა და ახალი გრაფიკის შედგენა გახდა საჭირო.
მთავარ მიზეზად ჯვარის წყალსაცავში წყლის კრიტიკული დონე და მაღალი მოხმარება სახელდება.
ამჯერად, გაითიშება არა ქვესადგურები, არამედ – მაღალი ძაბვის ხაზები.
გავრცელებული ინფორმაციით, “თებერვალში რუსეთიდან 250 მლნ კვტ/სთ ნაცვლად რესპუბლიკა 190 მლნ კვტ/სთ-ს მიიღებს, მაშინ როდესაც მოხმარების დონე შენარჩუნებულია 11 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი დღეში”.
გარდა ამისა, “გრაფიკი შეეხება “ენგურჰესზე” მიბმულ აბონენტებსაც”.
12 იანვარს “ჩერნომორენერგოს” განცხადებაში ეწერა, რომ “რუსეთს 31 მარტამდე 715 მლნ კვტ.სთ სთხოვეს, თუმცა, რუსულმა მხარემ მხოლოდ 600 მლნ კვტ.სთ გამოყო. შედეგად, დეფიციტი 115 მლნ კვტ.სთ შეადგენს. გარდა ამისა, “ენგურჰესიდან”მოსალოდნელი 300 მლნ კვტ/სთ-დან გამომუშავდება მხოლოდ 250 მლნ კვტ/სთ, რაც დეფიციტს კიდევ 50 მლნ კვტ/სთ ზრდის”.