ლაშა ხუციშვილი: მიწოდების გლობალური ჯაჭვისთვის მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა
საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ერთობლივი გამშვები პუნქტისა და გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პროექტებზე ისაუბრა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოში ყველა საავტომობილო გამშვებ პუნქტზე, დანერგილია ერთი გაჩერების პრინციპი, მაგრამ ცხადია, მიწოდების გლობალური ჯაჭვისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ცალკეულ ქვეყანაში არსებული მოდერნიზებული ფორმალობები, არამედ მთლიანად შუა დერეფნის გამტარუნარიანობა, მოქნილობა და წინასწარ განსაზღვრა. ამისთვის საჭიროა საზღვრის კვეთის ერთი გაჩერების პრინციპის დანერგვა პარტნიორი ქვეყნების საზღვრებზე. ესენია – აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. არსებობს სრული პოლიტიკური მზადყოფნა, რომ ქვეყნებმა განახორციელონ საბაჟო ადმინისტრირების ერთობლივი მექანიზმების გამოყენება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით კავკასია უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონია, სადაც შესაძლებელია ერთობლივი გამშვები პუნქტების ან პუნქტის ერთობლივი მართვის პრინციპების საუკეთესო პრაქტიკა შეიქმნას და შემდეგ წარმატებით განხორციელდეს სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი განმარტებით, საქართველოს საბაჟო უკვე ცვლის წინასწარ ელექტრონულ მონაცემებს არამარტო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან, არამედ უკრაინასთან და უზბეკეთთან. შესაბამისად, მისი თქმით, დღის წესრიგში დგას სხვა ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებიდან მიღებული მონაცემების უფრო ეფექტიანად გამოყენების ამოცანა, როგორც რისკის მართვის, ისე მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.