კელი დეგნანი – სააკაშვილზე: თვალყურს ვადევნებთ სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით – ჩემი მთავრობა შეშფოთებულია
“ეს ჰიპოთეტური შეკითხვაა და ამას მე ვერ ვუპასუხებ”,- ასე პასუხობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჟურნალისტის კითხვას – “ამერიკის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით რომ შესულიყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი”.
კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ექსპრეზიდენტის უფლებები დაიცვას.
“ეს ჰიპოთეტური შეკითხვაა და ამას მე ვერ ვუპასუხებ. ზოგადად, ეს საკითხი საკმაოდ რთული საკითხია და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას მოსახლეობაში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს და ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რომ უზრუნველყოს მისი სამედიცინო მეთვალყურეობა, მისი უფლებების დაცვა.
თვალყურს ვადევნებთ სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეშფოთებული ვართ, ჩემი მთავრობა არის შეშფოთებული აღნიშნული საკითხით, მათ შორის როდესაც სამედიცინო ექსპერტები საუბრობენ, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა და შეიძლება ვერ იღებდეს იმ საჭირო მკურნალობას, რაც მისთვის აუცილებელია. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაიცვას მისი უფლებები”, – აცხადებს ელჩი.