ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს და ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს, შეინ როზენტალს, ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანისა და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ADB აპირებს განაახლოს 2009 წლის უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება. განახლებული უსაფრთხოების პოლიტიკა შესაბამისობაში იქნება ADB-ის 2030 წლის სტრატეგიასთან და მისი ოპერაციული პრიორიტეტების გეგმებთან.

შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული მხარეები გააცნონ განახლებული პოლიტიკის მიდგომებსა და მიმართულებებს, რათა ბანკის წევრმა ყველა ქვეყანამ შეძლოს უფრო ეფექტური მონაწილეობის მიღება განხილვის პროცესში.

უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებისა და ზემოქმედებების შეფასება და მართვა, შრომისა და სამუშაო პირობები, დაბინძურების პრევენცია და რესურსების ეფექტიანობა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ამ მიმართულებით საქართველო მზადაა აქტიური თანამშრომლობისა და პოზიციების შეჯერებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები