ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის დასუსტება კარგი იქნება როგორც ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარების, ასევე ოპოზიციის გაძლიერებისთვის

თუ რადიკალური ოპოზიცია დასუსტდება, ეს გააძლიერებს ოპოზიციას, როგორც ასეთს. ეს მისცემს ჯანსაღ პოლიტიკურ სუბიექტებს თავის დამკვიდრების საშუალებას, ამიტომ რადიკალური ოპოზიციის დასუსტება კარგი იქნება როგორც ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარების, ასევე ოპოზიციის გაძლიერებისთვის. დღეს ოპოზიცია არის სუსტი, რადგან ამ ოპოზიციის შიგნით მძლავრობენ რადიკალური ძალები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

„ამ ეტაპზე რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის გასახლეჩად არ სცალია – საკუთარი პარტია აქვთ გასახლეჩი. მიმდინარეობს შიდაპარტიული დაპირისპირება და ერთმანეთს აბრალებენ არჩევნების გაყალბებას, ფარული ჩანაწერების გავრცელებას, ინციდენტებს. ეს კარგია, რადგან სჯობს ისინი კონცენტრირებული იყვნენ არა ქვეყნის, არამედ საკუთარი პარტიის გახლეჩის მცდელობაზე.

ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ იმ პროცესს, რასაც ჰქვია რადიკალური ოპოზიციის დასუსტება, რადგან ეს არის ერთადერთი გასაღები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებას და შესაბამისად სიმშვიდის შენარჩუნებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურები ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი მუმლაძემ და ნონა მამულაშვილმა წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები