ირაკლი კობახიძე: საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მოქმედებს ერთადერთი მიზნით, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარება

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მოქმედებს ერთადერთი მიზნით, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა.

„მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა და მათი სიფრთხილე დასაშვებია, საქართველოს შემთხვევაში კი არც სიფრთხილე შეიძლება და არაფერი არ არის დასაშვები საქართველოსთვის. ასეთ პირობებში ცალსახაა ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მთავარია არა შეფასება, არამედ რეალობა და რეალობა არის ერთადერთი, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მოქმედებს ერთადერთი მიზნით, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარება. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ ვინ როგორ შეგვაფასებს, იქნება ეს დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი თუ აღმოსავლეთი.

რაც შეეხება ფრენებს, 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე და ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები