„სარდაფის ცოლები“ – ანა ჯავახიშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება
24 იანვარს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში, ანა ჯავახიშვილის წიგნის – „სარდაფის ცოლები“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის რედაქტორია: შოთა იათაშვილი; დამკაბადონებელი: ირინე სტროგანოვა; გარეკანის დიზაინერი: ნინა ბიბილაშვილი.
„თქვენ წინაშეა პოეტი, რომელსაც წყალი ახრჩობს და ცეცხლი ვერ წვავს. ლექსებს, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის და უკვე შეგიძლიათ, წიგნის სახით გულის ჯიბით ატაროთ, მინდა ვუსურვო სიხარული იმდენად, რამდენადაც თვითონ სჯერა მისი არსებობის“, – ნინი ელიაშვილი.
ანა ჯავახიშვილის ლექსების კრებული „სარდაფის ცოლები“ ერთგვარი სავიზიტო ბარათის გრძნობას გვიტოვებს, სადაც მთავარი სათქმელი შემდგომ, მომდევნო საჟურნალო პუბლიკაციებისა თუ ახალი წიგნების გამოცემისას უნდა გვითხრას. და როგორც სავიზიტო ბარათზე, ამ წიგნის ფურცლებზეც მხოლოდ კოორდინატებია აღბეჭდილი, ის მთავარი გზავნილები, რაც ახალგაზრდა პოეტს თავის სამუშაო რუკად აღუქვამს.
ანა ჯავახიშვილის პოეზია თავიდანვე თხრობითობის, ნარატიულობის უპირატესობით იწყებს გამოვლინებას და ამგვარადვე ვითარდება შემდგომაც, გადადის სტრიქონიდან სტრიქონში და თანდათან, სრულიად შეუმჩნევლად და გაუცხადებლად ამავე პროზაულობის ჭრილში წარმოქმნის იმ სინამდვილეს, რომელიც უკვე კონკრეტულად პოეზიას ეკუთვნის და რომელთანაც საქმე აღარ აქვს პროზის ენას, წარმოქმნის პოეზიის განყენებულ ენობრივ სინამდვილეს, და არა აღწერებს ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური მოვლენებისა. ეს შეუმჩნეველი და ჰარმონიული დი/ვერსია პროზისა და ბანალურობის ტერიტორიაზე პოეზიის სასარგებლოდ ხდება და მართლაც მნიშვნელოვანი დივიდენდი შეიძლება იყოს პოეტის სამომავლო ესთეტიკისთვის“, – დავით ჩიხლაძე.