გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბერლინში, მინისტერიალზე სიტყვით გამოვა
19-21 იანვარს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბერლინის სურსათის და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალს (GFFA 2023) დაესწრება და სიტყვით გამოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფ;ლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროების პირველ პირებთან. სურსათის და სოფლის მეურნეობის მსოფლიოში ყველაზე დიდ ფორუმს 90-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023” (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას დაესწრება.
აღნიშნული გამოფენა 1926 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას 72 ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს; დამთვალიერებელთა (ვიზიტორთა) რაოდენობა კი, 400,000-ს აჭარბებს. გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023” (Gruene Woche 2023), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე საკუთარ პროდუქციას 16 ქართული კომპანია წარმოადგენს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.