გელათის მონასტრის წინამძღვარი ქუთაისის საავადმყოფოდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს
გელათის მონასტრის წინამძღვარი, იოსებ ბურჯანაძე, რომელიც კელიაში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავდა, ქუთაისის კლინიკიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მიყვანისას მამა იოსებს სხეულის 50%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა.
„პაციენტი შემოვიდა 50% დამწვრობით, ორივე ქვემო კიდური აქვს დამწვარი. გადმოყვანილია ქუთაისიდან კატასტროფის ბრიგადით. ძირითადად, დამწვარი აქვს ქვედა კიდურები, მუცლისა და წელის მიდამო. 50%-დან დაახლოებით, 30% არის მესამე ხარისხის. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, გელათის მონასტრის კელიაში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად კელიის ნაწილი დაიწვა. მამა იოსები ვარაუდობდა, რომ კელიაში ადამიანი იყო დარჩენილი, ცეცხლმოკიდებულ შენობაში მის გადასარჩენად შევიდა, რა დროსაც დამწვრობა მიიღო.