ხელოვნების სასახლის მუზეუმს კონსტანტინე გამსახურდიას უძვირფასესი ხელნაწერი გადაეცა საჩუქრად
ხელოვნების სასახლის მუზეუმს მეცნიერმა სიმონ კოპაძემ საჩუქრად კონსტანტინე გამსახურდიას ხელნაწერი გადასცა, ცნობილი ტრილოგიიდან – „დავით აღმაშენებელი“.
„დიახ, დღეს ხელოვნების სასახლემ კიდევ ერთი შეუფასებელი საგანძურის მიიღო… მუზეუმს ქართველი მკვლევარი და მეცნიერი ბატონ სიმონ კოპაძე ესტუმრა, მან საჩუქრად კონსტანტინე გამსახურდიას უძვირფასესი ხელნაწერი გადმოგვცა. ხელნაწერი წარმოადგენს 57-გვერდიან ავტოგრაფს კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი ტრილოგიიდან „დავით აღმაშენებელი“.
ეს თავი, რომელიც იერუსალიმის მეფე ბალდუინს ეძღვნება, ნაწარმოების ბეჭდურ ვერსიაში არ შესულა და მხოლოდ ამ უნიკალური ავტოგრაფის სახითაა შემორჩენილი. ბატონმა სიმონმა დიდი მწერლის ავტოგრაფი მემკვიდრეობით მიიღო, მისი დიდი ბებია სოფიო ლორთქიფანიძე, რომელიც მთელს სენაკში განთქმული ქალბატონი იყო, ამასთანავე, კონსტანტინე გამსახურდიას პედაგოგი გახლდათ…. საყვარელი მოსწავლისაგან მხოლოდ სოფიო ლორთქიფანიძეს ჰქონდა პატივი, პირველს წაეკითხა ნამოწაფარის ავტოგრაფები, შეეტანა კორექტურა და შენიშვნებიც კი…
კონსტანტინე გამსახურდია სოფიო ლორთქიფანიძის ოჯახთანაც მეგობრობდა, სოფიოს მეუღლე, გიორგი ქავთარაძე მწერლის უფროსი მეგობარი, მხარდამჭერი და მფარველი იყო, ამიტომ ბატონი სიმონის არქივში არაერთი საყურადღებო დოკუმენტი ინახება, მათ შორისაა 9 წლის კონსტანტინე გამსახურდიას ფოტო, რომელიც ზედა რიგში მარცხნიდან მესამე დგას….
ვსარგებლობთ შემთხვევით და, ბატონ სიმონ კოპაძეს ამ დიდი მოქალაქეობრივი და მამულიშვილური საქმისათვის განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ, მადლობა პატრიოტიზმისთვის და წინაპრების ხსოვნის სათუთად შენახვისთვის… ჩვენი მუზეუმი კი მუდმივად ეცდება, შეინარჩუნოს და გაამართლოს ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების გამორჩეული ნდობა.. ნდობა, რომელიც გვაძლიერებს და ავტორიტეტს გვმატებს…
შეგახსენებთ: 20 დეკემბერს ცნობილმა მუზეუმელმა კლარა მაჭარაშვილმა ხელოვნების სასახლეს ბაბუის: აკაკი წერეთლის სახლეულის მკვიდრი, სოლომონ მაჭარაშვილის ნაქონი ოქროს საათი გადასცა, 28 დეკემბერს ცნობილი ქართველი ბიბლიოფილის, დამიანე ალანიას ვაჟმა, ბატონმა ნუგზარმა ტიციან ტაბიძისა და იეთიმ გურჯის ხელნაწერები გვისახსოვრა, 15 იანვარს კი 86 წლის თინა ჩუბინიძემ ბაბუის, იორდანე ჩუბინიძის ნაქონი ვერცხლის მოოქრული უნიკალური ქამარი გვისახსოვრა… ეს ნდობა ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და მთავარია“, – წერს გიორგი კალანდია.