ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკანონოდ კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყების წინ გახდა ცნობილი.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა.

მისი თქმით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება.

„ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე და მიმოვიხილავთ გასული წელს მომხდარ ინციდენტებს. ვისაუბრებთ ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე. მოგეხსენებათ, აგვისტოდან, ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30-მდე მუშაობდნენ ე.წ. გადასასვლელები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, გადმოსულიყვნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, გვაინტერესებს გაგრძელდება თუ არა ეს პრაქტიკა. ჩვენი პოზიცია არის, რომ მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვა ან გახანგრძლივდეს გადასასვლელების ფუნქციონირების დრო. რაც შეეხება დაკავებულებს, გუშინ ღამით ევროკავშირის ცხელი ხაზით გაზიარდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ. მოგვეწოდა მხოლოდ სახელი და გვარი, ვაზუსტებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის ჩვენი შვიდი თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები