მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეის რიგით მე-13 სხდომის საპარლამენტო ფორუმში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის” ფარგლებში მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მწვანე ენერგიის მნიშვნელობაზე, კლიმატის ცვლილებაზე და მასთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემებზე.

პარლამენტის ინფორმაციით, მან ასევე გააცნო დამსწრე საზოგადოებას პარლამენტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ისაუბრა ახალი კლიმატის კანონის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას გახდეს ერთ-ერთი ლიდერი იმ რამოდენიმე ქვეყანას შორის, სადაც ეს კანონი არის მიღებული. ასევე კომიტეტის თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა საქართველოს პოტენციალს მწვანე ენერგიის, მათ შორის ჰიდრო, ქარისა და წყლის ენერგიის გამოყენების თავლსაზრისით.
ისაუბრა ასევე იმ ამბიციურ გეგმებზე და მიზნებზე რაც საქართველოს აქვს დეკარბონიზაციასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 35%-თ შემცირებას. დამსწრე საზოგადოებას მან მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათ შორის ხაზი გაუსვა უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პროექტს რომლის განხორციელება სამომავლოდ იგეგმება, კერძოდ შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტს, რომელიც საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროკავშირთან და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას გააძლიერებს. მაია ბითაძემ აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, ისევე როგორც პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა, როგორც ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, ასევე ტექნოლოგიური ცოდნის გაცვლის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები