ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს გაფრთხილებას, რომ ინდური მწარმოებლის – Marion Biotech-ის საბავშვო სამკურნალო სიროფები – Doc-1 Max და Ambronol-ი ხარისხის სტანდარტებს არ შეესაბამება. უწყებაში ამბობენ, რომ მწარმოებელს ხარისხის გარანტია ჯერ არ წარუდგენია.
ჯანმო აღნიშნავს, რომ ორივე პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზით, რომელიც უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის ეროვნულმა ლაბორატორიამ ჩაატარა, ორივე პრეპარატში დიეთილენგლიკოლის და ეთილენგლიკოლის დაუშვებელი რაოდენობა გამოვლინდა.
“დიეთილენგლიკოლი და ეთილენგლიკოლი ტოქსიკურია ადამიანისთვის და მიღების შემთხვევაში, შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს”, – განაცხადეს ჯანმო-ში.
ტოქსიკური ეფექტები შესაძლოა, მოიცავდეს მუცლის ტკივილს, ღებინებას, დიარეას, შარდვის შეუძლებლობას, თავის ტკივილს, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლას და თირკმლის მწვავე დაზიანებას, რამაც შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.
ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული პრეპარატები, სხვა ქვეყნებსა თუ რეგიონებში არაფორმალური ბაზრების საშუალებით იყოს გავრცელებული, რადგან მათ შესაძლოა ჰქონდეთ სარეგისტრაციო მოწმობები საზღვარგარეთ გასაყიდად.
ჯანმო მოუწოდებს სამედიცინო დაწესებულებებს, გააძლიერონ მეთვალყურეობა და გამოიჩინონ წინდახედულობა მიწოდების ჯაჭვებში, ასევე გამოავლინონ და ამოიღონ დაბალი ხარისხის პროდუქტები მიმოქცევიდან, რომ პაციენტების არ დააზიანონ.
გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი “Doc-1 Max”-ი უზბეკეთში 18 ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გახდა.