სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმდინარეობს საუბარი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისი სამხედრო ყოფნის როლსა და მნიშვნელობაზე.
როგორც ფაშინიანმა პრესკონფერენეციაზე თქვა, “ბოლო დროს აზერბაიჯანი, დასავლეთის ქვეყნებთან კონტაქტების დროს, სომხეთის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხსნის იმით, რომ თითქოს ერევანი მოსკოვთან ერთად ერთობლივ აგრესიას გეგმავენ მის წინააღმდეგ, რის გამოც, მათი თქმით, აზერბაიჯანული მხარე პრევენციულ ზომებს მიმართავს”.
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის არგუმენტები აბსურდულია, მეორე მხრივ, უკრაინული მოვლენების ფონზე მსგავსი ნარატივები დასავლეთში გარკვეულ ინტერესს იწვევს.
„სომხური მხარე კი ამ გარემოებაზე რუსი კოლეგების ყურადღებას ამახვილებს და აცხადებს, რომ რუსეთის დუმილის პირობებში საინტერესო სიტუაცია იქმნება – სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა არა მხოლოდ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, არამედ პირიქით, საფრთხეს უქმნის რესპუბლიკას“, – დასძინა მან.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი ამ ყველაფრიდან ჯერ არანაირ დასკვნებს არ აკეთებს, მხოლოდ ფაქტებს ასახელებს.
მან აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი რუს კოლეგებთან დიდი ხანია მიმდინარეობს.
1995 წლიდან სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების თანახმად, გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. 2010 წელს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც მისი ყოფნის ვადა საწყისი 25 წლიდან 49 წლამდ – 2044 წლამდე გახანგრძლივდა.