რუსთავში „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
რუსთავში, მთავარ ნაძვის ხესთან, საშობაო სოფელში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საშობაო სოფელში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის – „ახალი წლის დღეები საქართველოში“, ფარგლებში მოეწყო პატარებს სანტა კლაუსმა და ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს. ორკესტრის მონაწილეობით გაიმართა საზეიმო მსვლელობა, ასევე ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
მათივე ინფორმაციით, საზეიმო კონცერტში ჯგუფმა „რეგიონმა“ და ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ მიიღეს მონაწილეობა. საღამოს დუტა სხირტლაძე უძღვებოდა.
„გილოცავთ ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულის შემობრძანებას, რომელიც დღეს ღამით გვეწვევა. ყველა სურვილის ასრულებას ვუსურვებ მთელ დედამიწას და რაღა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას. სახლში დაკვრა სულ სხვა ემოციაა, ერთად ვართ დღეს და ამ ერთობით ვხვდებით ქრისტესშობას“, – განაცხადა ჯგუფ „რეგიონის“ სოლისტმა ლაშა ნოზაძემ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით გამართული ღონისძიება – „ახალი წლის დღეები საქართველოში“, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა და დღეს რუსთავში დასრულდა.