რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესაბამისი დავალება კრემლის ლიდერმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მისცა.
„უწმინდესი პატრიარქის, კირილის მიმართვის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს ვავალებ, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კრემლში განმარტავენ, საბრძოლო მოქმედებების ზონებში მართლმადიდებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, ამიტომ რუსეთი უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, მისცეს მათ საშუალება, დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც ქრისტეს შობის დღეს.