1-ლი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების საათობრივი შრომითი ანაზღაურების სისტემა ამოქმედდა

1-ლი იანვრიდან საქართველოში ექიმებისა და ექთნების საათობრივი შრომითი ანაზღაურების სისტემა ამოქმედდა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

ხელფასის ზრდა 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს შეეხება.

ექიმების და ექთნების სახელფასო ანაზღაურება მომდევნო წლებში, ეტაპობრივად გაიზრდება და 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1-ლი აგვისტოდან მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პრაქტიკა დიდ სახელმწიფო კლინიკებში მოქმედებს – თბილისის, ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებსა და ქუთაისის ო. ჩხობაძის მრავალპროფილურ ცენტრში, სადაც დასაქმებულების ხელფასი დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა.

ახალი სახელფასო სისტემის დანერგვის შედეგად, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მინიმალური ანაზღაურება შემდეგია: ექიმი – საათში 9 ლარი, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია; უმცროსი ექიმი – საათში 6 ლარი, თვეში კი – 1 080 ლარი; ექთანი – საათში – 5.75 ლარი, თვეში – 1035 ლარი; ექთნის დამხმარე – საათში 3 ლარი, თვეში – 540 ლარი; სანიტარი – საათში 2.80 ლარი, თვეში – 504 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები