ავტომობილების ხმაურის შემოწმების ვალდებულება ძალაში შევიდა
გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსპორტის ზენორმატიული ხმაური უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ურბანულ პირობებში და ღამის საათებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 1-ლი იანვრიდან ხმაურის შემოწმების ვალდებულება შევიდა ძალაში.
კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებით დგინდება, ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის მაქსიმალური მაჩვენებელი (დეციბალებში)ტრანსპორტის კატეგორიისა და ძრავის ტიპის გათვალისწინებით.
ხმაურის მაქსიმალური დასაშვები ნორმების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა წინასწარ ჩატარებული შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით.